რადიო საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
მონიტორინგი შედგება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ეტაპებისგან. რაოდენობრივი კვლევისას დაკვირვება ხდება შემდეგ ინდიკატორებზე: სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი კვლევის ეტაპზე კი მონიტორი შემდეგ თვისებრივ მაჩვენებლებს აკვირდება: ბალანსი, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, ფაქტების დროული გაშუქება, ახალი ამბების იგნორირება.
რაოდენობრივი კვლევის ეტაპზე ითვლება დრო (წამობრივად), როდესაც სუბიექტზე საუბრობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, რადიო სიუჟეტის ჟურნალისტი ან სიუჟეტში წარმოდგენილი ნებისმიერი რესპონდენტი.
გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს თავის თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. ტონის შესაფასებლად არსებობს სამი კატეგორია: დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი. ყოველთვის, როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ფასდება ტონიც, ანუ რაოდენობრივად ითვლება, რამდენი წამის/წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ამა თუ იმ სუბიექტზე კონკრეტული ტონით. ტონის შეფასებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სიუჟეტის შინაარსს, არამედ კონტექსტსაც. ამგვარი შეფასების მიზანია განვსაზღვროთ ვუქმნით თუ არა მსმენელს სუბიექტთან დაკავშირებით დადებით, ნეიტრალურ ან ნეგატიურ შთაბეჭდილებას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტონი არ ენიჭება მთლიან სიუჟეტს. მონიტორები სიუჟეტს მასში მოხსენიებული სუბიექტების მიხედვით ანაწევრებენ და მონაცემთა ბაზაში თითოეულ მათგანს გაშუქების ტონის, მათთვის დათმობილი საეთერო დროის (წამებში), ინფორმაციის წყაროს და თემის მიხედვით აღრიცხავენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად ერთი სიუჟეტი სხვადასხვა ტონის შემცველ განცხადებებს მოიცავს ერთი ან რამდენიმე სუბიექტის მიმართ.
რაოდენობრივი მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე, რომლებიც ანგარიშს თან ერთვის. დიაგრამებზე სუბიექტებისთვის დათმობილი დრო მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია მონიტორინგის კონკრეტულ პერიოდში თითოეულ არხზე ყველა სუბიექტისთვის დათმობილი დრო, რაც თითოეული დიაგრამის სათაურშია მითითებული.
პირდაპირი და ირიბი საუბარი ერთმანეთისგან განასხვავებს სიუჟეტში სუბიექტი თვითონ საუბრობს თუ მასზე საუბრობენ სხვები. დიაგრამებზე პირდაპირი და ირიბი საუბარი მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია თითოეული სუბიექტისთვის ამ არხზე დათმობილი დრო, რაც დიაგრამებზე მოცემულია სუბიექტების გასწვრივ (წთ:წმ ფორმატში).
დიაგრამებზე ასევე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). სუბიექტებისთვის დათმობილი დროის შეფასება ტონების მიხედვით მოცემულია ორგვარად: მოცემულ არხზე სუბიექტებისთვის დათმობილი მთლიანი დროის შეფასება ტონის მიხედვით და ცალკე ჟურნალისტის მიერ სუბიექტების გაშუქების/ხსენების ტონი. გაშუქების ტონი მოცემულია პროცენტებში. პირველ შემთხვევაში 100 პროცენტად აღებულია კონკრეტულ არხზე სუბიექტზე საუბრის დრო მთლიანად და ცალკე ჟურნალისტების მიერ ამ სუბიექტზე საუბრის დრო.
თვისებრივი მონიტორინგის დროს მონიტორინგი აკვირდება არის თუ არა სიუჟეტებში გაშუქებული ფაქტი/საკითხი დაბალანსებულად გადმოცემული, ანუ აქვს თუ არა მაყურებელს შესაძლებლობა მოისმინოს/ნახოს სხვადასხვა კუთხით ეს საკითხი და შეაფასოს მოცემული მოვლენა თავისი შეხედულებისამებრ. ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ინფორმაციის წყაროებს და სიუჟეტში გამოყენებულ სხვადასხვა მოსაზრების მქონე რესპონდენტებს. ასევე დაკვირვება ხდება მიუკერძოებლობაზე, რომელიც განისაზღვრება იმით, რომელიმე სუბიექტი/სუბიექტები თუ არის გამორჩეული მის მიმართ ხანგრძლივი გაშუქებითა და უმეტესად დადებითი ან უარყოფითი ტონით. ამასთან, სიზუსტის შესაფასებლად მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან სიუჟეტში ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (რესპონდენტების კომენტარები), არის თუ არა შეცდომები სახელწოდებებში, რიცხვებში, რესპონდენტების ვინაობაში. თუ ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტს რომელიმე არხის საინფორმაციო გამოშვება არ გააშუქებს, ეს აღირიცხება მონიტორინგის დროს.