ონლაინ მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია

საინფორმაციო ვებ-საიტების წინასაარჩევნო მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტისთვის დათმობილი დრო და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, სტატიების სათაურებისა და თანდართული ვიზუალური მასალის შეფასება.

რაოდენობრივი მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე, რომლებიც ანგარიშს თან ერთვის. დიაგრამებზე სუბიექტებისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობა მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია მონიტორინგის პერიოდში თითოეულ ვებ-საიტზე ყველა სუბიექტისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობა, რაც თითოეული დიაგრამის სათაურშია მითითებული.თუ დიაგრამაზე რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მონიტორინგის სუბიექტს წარმოადგენს, არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ამ არხზე ამ პარტიას დრო საერთოდ არ დაეთმო. ის პარტიები კი, რომლებსაც ტექსტის გარკვეული მოცულობა მაინც დაეთმო, დიაგრამაზე ნაჩვენებია (ზოგჯერ დროის 0 პროცენტით). თითოეულ ვებ-საიტზე კატეგორია "სხვაში" გაერთიანებულია ის სუბიექტები, რომლებსაც ამ ვებ-საიტზე დროის 1 პროცენტი ან ნაკლები დაეთმო.

გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როდესაც მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს თავის თავზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობა, იქვე ხდება მისი ტონის შეფასებაც. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს.

სუბიექტისთვის დათმობილი დროის შეფასება ტონების მიხედვით მოცემულია ორგვარად: მოცემულ ვებ-საიტზე სუბიექტისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობის შეფასება ტონის მიხედვით და ცალკე ჟურნალისტის მიერ სუბიექტზე საუბრის ტონი. გაშუქების ტონი მოცემულია პროცენტებში. პირველ შემთხვევაში 100 პროცენტად აღებულია კონკრეტულ ვებ-საიტზე სუბიექტისთვის დატმობილი ტექსტის მოცულობა მთლიანად და ცალკე ჟურნალისტის მიერ ამ სუბიექტისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობა.

თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს, ანუ რამდენად არის სტატიებში წარმოდგენილი საკითხის შესახებ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლად მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სტატიაში გამოყენებული მასალები, არის თუ არა შეცდომები სახელწოდებებში, რიცხვებში, რესპონდენტების ვინაობაში.