ახალი ამბების მონიტორინგის მეთოდოლოგია

ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება. რაოდენობრივი მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე, რომლებიც ანგარიშს თან ერთვის. დიაგრამებზე სუბიექტებისთვის დათმობილი დრო მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია მონიტორინგის კონკრეტულ პერიოდში თითოეულ არხზე ყველა სუბიექტისთვის დათმობილი დრო, რაც თითოეული დიაგრამის სათაურშია მითითებული. თუ დიაგრამაზე რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მონიტორინგის სუბიექტს წარმოადგენს, არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ამ არხზე ამ პარტიას დრო საერთოდ არ დაეთმო. ის პარტიები კი, რომლებსაც რამდენიმე წამი/წუთი მაინც დაეთმო, დიაგრამაზე ნაჩვენებია (ზოგჯერ დროის 0 პროცენტით). თითოეულ არხზე კატეგორია სხვაში გაერთიანებულია ის სუბიექტები (პოლიტიკური პარტიების გარდა), რომლებსაც ამ არხზე დროის 1 პროცენტი ან ნაკლები დაეთმო. პირდაპირი და ირიბი საუბარი ერთმანეთისგან განასხვავებს, სიუჟეტში სუბიექტი თვითონ საუბრობს თუ მასზე საუბრობენ სხვები: ჟურნალისტი ან სხვა რესპონდენტები. დიაგრამებზე პირდაპირი და ირიბი საუბარი მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია თითოეული სუბიექტისთვის ამ არხზე დათმობილი დრო, რაც დიაგრამებზე მოცემულია სუბიექტების გასწვრივ (სთ:წთ:წმ ფორმატში). ის სუბიექტები, რომლებსაც არხზე ერთ წუთზე ნაკლები დრო დაეთმო, დიაგრამებზე წარმოდგენილი არ არის. გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს თავის თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასება. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. სუბიექტებისთვის დათმობილი დროის შეფასება ტონების მიხედვით მოცემულია ორგვარად: მოცემულ არხზე სუბიექტებისთვის დათმობილი მთლიანი დროის შეფასება ტონის მიხედვით და ცალკე ჟურნალისტის მიერ სუბიექტების გაშუქების/ხსენების ტონი. გაშუქების ტონი მოცემულია პროცენტებში. პირველ შემთხვევაში 100 პროცენტად აღებულია კონკრეტულ არხზე სუბიექტზე საუბრის დრო მთლიანად და ცალკე ჟურნალისტების მიერ ამ სუბიექტზე საუბრის დრო. სუბიექტები, რომლებსაც თითოეულ შემთხვევაში დაეთმო 1 წუთზე ნაკლები, დიაგრამებზე წარმოდგენილი არ არის. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები), არის თუ არა შეცდომები სახელწოდებებში, რიცხვებში, რესპონდენტების ვინაობაში. ხდება დაკვირვება, რამდენად ეხება სიუჟეტი რაიმე კონკრეტულ ფაქტს და არის თუ არა სიუჟეტში მოყვანილი ამ ფაქტის დამადასტურებელი კადრები/კომენტარები. მონიტორინგი ყურადრებას აქცევს საინფორმაციოებში კადრებითა და მუსიკით მანიპულირების შემთხვევებს. ითვლება, რომ მოახდინეს კადრებითა და მუსიკით მანიპულირება მაშინ, როცა სიუჟეტში გამოყენებული კადრები, ფოტოები ისეა წარმოდგენილი და თან დაჰყვება ისეთი მუსიკა, რომელიც გარკვეულ განწყობას ქმნის და იწვევს მკვეთრად დადებით ან უარყოფით ასოციაციებს.

თოქ-შოუების მონიტორინგის მეთოდოლოგია

თოქ-შოუების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს. მონიტორინგის დროს ხდება დაკვირვება მხოლოდ ჟურნალისტებზე სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით. ფასდება ჟურნალისტების როლი და ჩართულობა გადაცემის განმავლობაში.

იხილეთ ვრცლად