მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

20-10-2017

ნეტგაზეთი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მედიამონიტორინგის მიხედვით, ხელისუფლება ყველაზე უარყოფითად რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა, სადაც ყველაზე დადებითად ენმ-ს და ზაალ უდუმაშვილს აშუქებდნენ. ამავე კვლევით, ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და ტელეკომპანია იმედი.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგები დღეს გამოაქვეყნეს, რომლებიც 19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგებით, ქართულ მედიაში შეინიშნება დადებითი ტენდენციები, თუმცა ნაკლებადაა კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამების შესახებ.

მედიამონიტორები ეროვნული და რეგიონული მედიის სამოცამდე სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ საშუალებებს დააკვირდნენ. წინა წლების მსგავსად, მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავ განაგრძობს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, ხოლო მედიამონიტორინგის განვითარება სწორედ ამ ხელშეწყობის ნაწილია.

"მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნების მსვლელობაში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა დადებითი დინამიკა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში. არჩევნების გაშუქება უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში," - განაცხადა იანოშ ჰერმანმა,

საარჩევნო მედიამონიტორინგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი-საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI). პრესკონფერენციის მსვლელობაში მედიამონიტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - ნატა ძველიშვილმა, გიორგი მგელაძემ, ზაქრო თავბერიძემ და გიორგი ჯოლოგუამ - მიმოიხილეს 2017 წლის არჩევნების გაშუქების ძირითადი ტენდენციები სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.

მედიამონიტორინგის ანგარიშებში წარმოგენილია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები არჩევნების გაშუქების შესახებ, მათ შორის- კანდიდატების, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქების ინტენსივობა. მონიტორინგი ასევე აღრიცხავს მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ცენტრაულ და რეგიონულ მედიაში გამოავლინეს არჩევნების გაშუქების ხარისხის ზრდა წინა საარჩევნო ციკლებთან შედარებით. მათი განცხადებით, ეს დადებითი ტენდენცია განაკუთრებით შესამჩნევია სატელევიზიო ტოქშოუების წინასაარჩევნო პროგრამების წარსადგენად:

"აღსანიშნავია, რომ ტოქშოუების უმეტესობაში კვლავ შეიმჩნეოდა წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული დისკუსიის ნაკლებობა. ზოგადი გაუმჯობესების მიუხედავად, რამდენიმე სამაუწყებლო და ბეჭდურ მედიაში გამოვლინდა პოლიტიკური მიკერძოება და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. ისევე, როგორც წინა წლებში, ინტერნეტმედიაში არ იყო მკაფიოდ გამიჯნული სარედაქციო და სარეკლამო კონტენტი."

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ნილს სკოტი აცხადებს, რომ საქართველოს მედიის ჟურნალისტური სტანდარტი იზრდება ყოველ მომდევნო არჩევნებთან ერთად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, როგორც სკოტი აღნიშნავს, სიძულვილის ენის გამოყენების ცალკეული შემთხვევები და საარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული მსჯელობის ნაკლებობა მედიის ყველა სეგმენტშია.

სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები გაშუქდა;
  • ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე დადებითად ტვ გურიის ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 19%-ით. ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 49%-ით;
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (29%), ყველაზე უარყოფითად - რუსთავი 2-ის ეთერში (46%);
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო, ჯამში, ქართულ ოცნებას დაეთმო. მომდევნო ადგილებზეა ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო;
  • ქართული ოცნება ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (24%), ყველაზე უარყოფითად კი- რუსთავი 2-ის ეთერში (40%);
  • ნაციონალური მოძრაობასაც ყველაზე დადებითი გაშუქება გურჯაანის ეთერში ჰქონდა (30%), ყველაზე უარყოფითი კი - ობიექტივის ეთერში (66%);
  • თუ სხვა არხები ყველაზე მეტად აშუქებდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს და ორ ძირითად პარტიას (ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება) ტელეკომპანია ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროის მიხედვით მე-2 ადგილზეა პატრიოტთა ალიანსი (ოდნავ ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე ქართულ ოცნებას). ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსს აქვს (9%);
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი რუსთავი 2-ს აქვს, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის;
  • თუმცა რუსთავი 2 აშკარა სიმპათიას ამჟღავნებს ნაციონალური მოძრაობის და მისი მერობის კანდიდატის მიმართ;
  • ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და ტელეკომპანია იმედი;
  • ეთიკური პრინციპების დაცვითა და მიუკერძოებულობით გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებით გამოირჩევა ტელეკომპანია ობიექტივი;
  • წინა წელთან შედარებით სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია;
  • ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც ეთერში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა დაფიქსირდა;
  • წინა წლის მონიტორინგის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში;
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ე.წ. კადრ-სინქრონებში ისევ რჩება ბალანსის დაცვის პრობლემა;
  • რეგიონულ არხებში გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების რეგულარულობის პრობლემა. ზოგიერთ არხზე გამოშვებები დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა ეთერში. იყო რამდენიმედღიანი წყვეტებიც;
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მიერ მომზადებულ მასალებს, მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე;
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მიერ მომზადებულ მასალებს, მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე;
  • რეგიონულ არხებს აქვთ ტექნიკური პრობლემები - ხმის და კადრების ხარისხი დაბალია, ტიტრების არარსებობა ზოგიერთი ტელევიზიის მოუგვარებელი პრობლემაა.

სატელევიზიო ტოქშოუების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • 2016 წლისგან განსხვავებით ეროვნულმა მაუწყებლებმა მკაცრად სტრუქტურირებული ტოქშოუ შესთავაზეს მაყურებელს, სადაც იწვევდნენ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად, ნათელი იყო გადაცემაში მონაწილე სუბიექტების მოწვევის პრინციპი. წამყვანები ამცნობდნენ აუდიტორიას, თუ რომელიმე კანდიდატი, მოწვევის მიუხედავად, გადაცემაში არ მივიდოდა სტუმრებს შორის ბალანსი თითქმის ყველა შემთხვევაში იყო დაცული;
  • ტოქშოუებში, სადაც კანდიდატებს მოსაზრებების წარმოსაჩენად მკაცრად განსაზღვრული დრო ჰქონდათ, მეტი აქცენტი კეთდებოდა გადაცემის ფორმაზე, ვიდრე შინაარსზე. შემოთავაზებული ფორმატი კანდიდატების პრეზენტაციას უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე იმას, რასაც კლასიკური ტოქშოუს ფორმატი გვთავაზობს ხოლმე. თუმცა აღნიშნული ფორმატი გარკვეულწილად ხელს უწყობდა დროის თანაბარ გადანაწილებას რესპონდენტებს შორის;
  • იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას თანაბრად ეძლეოდა საშუალება საკუთარი საარჩევნო დაპირებები საზოგადოებისთვის გაეცნო, თუმცა ნაკლებად იმართებოდა კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით;
  • წამყვანთა კითხვები ძირითად შემთხვევაში ზოგადი იყო და არ გამომდინარეობდა კონკრეტული საარჩევნო პროგრამიდან. ისინი არ სვამდნენ კრიტიკულ კონტრკითხვებს, შესაბამისად, ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი რჩებოდა, თუ რამდენად რეალური იყო კანდიდატთა დაპირებები;
  • როგორც 2016 წლის არჩევნებზე, ამჯერადაც ისმოდა ზოგადი კითხვები: ,,რას ჰპირდებით ამომრჩევლებს? პირველ რიგში, რომელ პრობლემას მოაგვარებთ? რამდენი მანდატის მიღებას გეგმავთ არჩევნებზე? და ა.შ. ეს შესაძლებლობას აძლევდა რესპონდენტს, მხოლოდ სასურველი მიმართულებით წარემართა საუბარი;
  • წამყვანთა კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით ჩანდა რეგიონულ არხებზე, სადაც პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული კითხვები;
  • ზოგადად, რეგიონულ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები აქვთ, რაც უკავშირდება ხმას, ვიზუალურ მხარეს, გადაცემის შეფუთვას. ყველა ეს პრობლემა, საერთო ჯამში, გადაცემას აუდიტორიისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის;
  • სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამგვარ ლექსიკას ძირითადად რესპონდენტები იყენებდნენ. წამყვანს, ხშირ შემთხვევაში, ჰქონდა კრიტიკული, ადეკვატური რეაქცია. დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, სადაც წამყვანმა საკუთარი შეკითხვით ხელი შეუწყო გენდერული სტიგმის გაძლიერებას;
  • ცალკე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია „ობიექტივი", რომლის გადაცემა „ღამის სტუდია" ფაქტობრივად ერთი კონკრეტული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის პლატფორმაა და გადაცემას ძირითადად პარტიის წევრები წარმართავენ. სამონიტორინგო პერიოდში „ღამის სტუდიას" პატრიოტთა ალიანსის 47 წარმომადგენელი სტუმრობდა. სხვა კვალიფიციური სუბიექტებიდან მხოლოდ ერთი სუბიექტი იყო მიწვეული. გადაცემაში ჭარბობს ანტიდასავლური რიტორიკა, თურქოფობია, ისმის სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, ოპონენტების მიმართ უპასუხოდ დარჩენილი ბრალდებები.

ონლაინ მედიის მონიტორინგი ძირითადი მიგნებები:

  • მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმეტესობაზე არ შეინიშნება დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ;
  • ვებგვერდების უმეტესობა სტატიებს ამზადებს ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის გარეშე;
  • შერჩეულ ვებგვერდებზე თითქმის არ შეგვხვედრია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება ჟურნალისტთა მხრიდან;
  • ონლაინ მედიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საკითხების ზედაპირული გაშუქება და სიღრმისეული და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა;
  • სოციალური და ეკონომიკური პრობლემების კრიტიკული და მრავალმხრივი ანალიზი უფრო ხშირად გვხვდება რეგიონულ გამოცემებში;
  • მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო დაპირებები უმეტეს შემთხვევებში ვრცელდება ანალიზის გარეშე;
  • საკმაოდ იშვიათად შუქდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და აღნიშნული პროგრამების ანალიზი;
  • სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს სარეკლამო სტატიებს შესაბამის მითითებას; ნაწილი კი ურთავს, მაგრამ არასათანადოდ.

ონლაინ მედიის კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში netgazeti.ge-ზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პლიტიკური ძალის მიმართ. როგორც კლვევაშია აღნიშნული, ნეტგაზეთი იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს, ასევე, გამოირჩევა საკითხების კრიტიკული ანალიზით:

"netgazeti.ge-ზე ყველაზე აქტიურად მთავრობისა (34%) და „ქართული ოცნების"(15%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე აქტიურად დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი, (38%) გაშუქდა. თბილისის მერობის კანდიდატთა გაშუქებისას ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე კანდიდატის მიმართ.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ვეგვბვერდზე სათანადოდ არის გამიჯნული კომერციული ხელშეკრულების ფარლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო მასალებისგან."

კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში batumelebi.ge-ზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, ხოლო დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ვებგვერდზე გვხვდება ინტერვიუები ბათუმის მერობის კანდიდატებთან, რომლებიც მომზადებულია ობიექტურად და პროფესიონალურად.

"batumelebi.ge-ზე დადებითი ან უარყოფითი ტონის განასაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. ვებგვერდზე თანაბრად და მიუკერძოებლად შუქდებოდა ბათუმის მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ batumelebi.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი სათანადოდ მიჯნავს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს სარედაქციო მასალებისგან."

რადიოარხების მონიტორინგმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

  • ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმოთ, პარტიებიდან კი - „ქართულ ოცნებას", „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს";
  • რადიომაუწყებლების ეთერში პოლარიზება არ შეინიშნებოდა, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს ყურადღება ნაკლებად ეთმობოდათ;
  • რადიომაუწყებლების უმეტესობა მიუკერძოებლად მუშაობდა, თუმცა, წინა წლების მსგავსად, ჟურნალისტებს პროაქტიულობა აკლდათ;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლები ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს ხელს ნაკლებად უწყობენ: „რადიო 1" მიუკერძოებლად მუშაობდა, თუმცა ინფორმაცია მშრალი და ზედაპირული იყო; „აჭარა" კი ხელისუფლებას მკვეთრად პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენდა;
  • რადიომაუწყებლების უმეტესობა რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებას არ ცდილობდა. ისმოდა პოლიტიკოსთა ურთიერთსაპირისპირო კომენტარები და არ ჩანდა ჟურნალისტების მცდელობა, მსმენელს სიმართლის დადგენაში დახმარებოდნენ;
  • ჟურნალისტები არ იყენებდნენ შესაძლებლობას, რომ კონტენტი საჯარო ინფორმაციით, სტატისტიკითა თუ სხვადასხვა კვლევის მონაცემებით გაემდიდრებინათ;
  • რადიომაუწყებლებს შორის კონკურენცია ნაკლებად იგრძნობოდა: ჟურნალისტები ექსკლუზიურ სიუჟეტებს იშვიათად ამზადებდნენ. ხშირად იყო სხვადასხვა რადიოსადგურების მიერ გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთის მსგავსი;
  • პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად შუქდებოდა, თუმცა საარჩევნო პროგრამები და მერობის კანდიდატების ხედვები არ განხილულა;
  • რადიომაუწყებლების უმეტესობა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების, სოციალური საკითხებისა და უმცირესობების პრობლემების გაშუქებას მცირე დროს უთმობდა;
  • ჟურნალისტები სუბიექტურ შეფასებებს არ აკეთებდნენ და არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ გამოხატავდნენ;

ბეჭდური მედიის მონიტორინგის მიგნებები:

  • არც ერთ რეგიონულ გამოცემაში არ გვხვდება ისეთი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, როგორიც გასული წლების მონიტორინგის პერიოდებში სისტემატურად გვხვდებოდა თბილისში გამოცემულ არაერთ გაზეთში;
  • რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ ძალებს აშუქებს ობიექტურად და მიუკერძოებლად;
  • რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს რეგიონში არსებულ სოციალურ პრობლემებს და ცდილობს აღნიშნულ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების მოპოვებას;
  • რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, შეუსრულებელი სამუშაოების კრიტიკულ შეფასებებს;
  • რეგიონულ გამოცემებში გვხვდება ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებებს და ეკითხებიან, თუ რამდენად შესრულდა აღნიშნული დაპირებები;
  • რეგიონულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება ცალკეულ სტატიებში. რეგიონში არსებული პრობლემების გაშუქებისას რესპონდენტებად ხშირად არიან წარმოდგენილნი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა;
  • რეგიონულ პრესაში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ;
  • რეგიონული გამოცემების უმეტესობა თანაბარ ფართობს უთმობს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქებას;
  • მხოლოდ ორ რეგიონულ გამოცემაში („ბორჯომი" და „სვანეთი") შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი განწყობა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ;
  • მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა რეგიონულ გამოცემაში სათანადოდ იყო გამიჯნული სარეკლამო სტატიები სარედაქციო მასალებისგან;  სარეკლამო მასალების არასათანადო მითითება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გაზეთში „რეზონანსი";
  • დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები გამოვლინდა გაზეთში „კვირის პალიტრა";
  • პრაქტიკულად ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმის დარღვევის შემთხვევები გვხვდება „ასავალ-დასავალის" ყველა ნომერში.


სხვა სიახლეები

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

სრულად

ნილს სკოტი - ბოლო წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ შეინიშნება სიძულვილის ენის არსებობა

სრულად

„ქარტია“: „იმედი“ ამჟამინდელ და ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში არღვევდა ეთიკურ პრინციპებს

სრულად