„ქარტია“: „იმედი“ ამჟამინდელ და ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში არღვევდა ეთიკურ პრინციპებს

„ქარტია“: „იმედი“ ამჟამინდელ და ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში არღვევდა ეთიკურ პრინციპებს

20-10-2017


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. 

რუსთავი 2

„რუსთავი 2-ის" ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან „კურიერს", „შაბათის კურიერსა" და P.S.-ს. ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერშიც მთავრობა გაშუქდა, ყველაზე დადებითად - „ნაციონალური მოძრაობა";

 ანგარიშში ნათქვამია, რომ „რუსთავი-2-მა" ყველაზე დადებითად თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ზაალ უდუმაშვილი გააშუქა, ყველაზე უარყოფითად კი - კახა კალაძე.

„რუსთავი 2"  სამონიტორინგო არხებში ხელისუფლებას ყველაზე ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს და მათ ხშირად აქვთ ექსკლუზიური თემები, სადაც სახელისუფლებო კორუფციის, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი. ის ყველაზე მეტად ერგება ე.წ. ოპოზიციური არხის კრიტერიუმებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „რუსთავი 2" განსაკუთრებული სიმპატიითაა გამსჭვალული „ნაციონალური მოძრაობისა" და თბილისში მისი მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის მიმართ, რაც დაიწყო უდუმაშვილის, როგორც მერობის კანდიდატის „კურიერის" სტუდიიდან წარდგენით. თანაწამყვანმაც, დიანა ჯოჯუამ „კურიერის" სტუდიიდან გააჟღერა პოლიტიკური მოწოდებები და მაყურებელს უდუმაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უდუმაშვილის ქება „კურიერსა" და სხვა გამოშვებებშიც გრძელდებოდა. 

„ამ კანდიდატის გაშუქების ინტენსივობა და პოზიტიური ტონი სცდება მიუკერძოებელი, დაბალანსებული, ეთიკური ჟურნალისტიკის ფარგლებს". 

„იმედი"

იმედის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, 8-საათიან „ქრონიკას." იმედზე ყველაზე მეტი დრო პარტია „ქართულ ოცნებას" დაეთმო, ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „იმედი" ნაკლებად სწყალობდა მოქმედ პრეზიდენტს, განსაკუთრებით აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას".  დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვევები, სადაც „იმედის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანები და ჟურნალისტები ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტების მიმართ არაერთხელ არღვევდნენ ეთიკურ პრინციპებს. 

ასევე აღნიშნულია, რომ „იმედის" „პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს 29 სექტემბრის ხმაურიანი სხდომა იმგვარად გაშუქდა, რომ თითქოს, ოპოზიცია უმიზეზოდ ჩხუბობს და ეწინააღმდეგება ხელისუფლების კეთილშობილურ მიზანს, რაც ემსახურება ქალაქის განტვირთვას საცობებისგან.


„გარდა ამისა, თანაინვესტირების ფონდზე ჟურნალისტი ამბობს, რომ „ოპოზიციის მტკიცებით", ის ბიძინა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. არადა, ამ ფონდთან კავშირი თავად ივანიშვილსაც არ უარყვია და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა იმ დღეს თავის გამოსვლაშიც აღნიშნა, რომ ივანიშვილი ბიზნესინტერესის გარეშე აშენებს პარკინგს პუშკინის სკვერთან",- წერია სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში. 

მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშში ნათქვამია, რომ „იმედი" გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით, ეს ხშირად ჟურნალისტების მიკერძოებულ ფრაზებშიც გამოიხატებოდა. მაგალითად, უდუმაშვილი ასე წარადგინეს: „პირველი სხდომათა დარბაზში გაბრაზებული თბილისელების, ძალიან გაბრაზებული კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გამოჩნდა". სააკაშვილის მიმართ კი ამბობდნენ შემდეგ ფრაზებს - „ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ბინადარი", „მორბენალი შოუმენი", „უმისამართო ექსპრეზიდენტი" და ა.შ.

„ტვ პირველი"

მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, „ტვ პირველზე" ყველაზე ხშირად პარტია „ქართული ოცნება" გაშუქდა, თუმცა ყველაზე უარყოფითად; მისთვის დათმობილი დროის 24% ნეგატიური იყო. დადებითი ტონით პრემიერ-მინისტრი ლიდერობს (5%). მერობის კანდიდატებს შორისაც ყველაზე მეტი დრო „ოცნების" კანდიდატს დაეთმო და ის ყველაზე უარყოფითად გაშუქდა. ყველაზე დადებითად ზაალ უდუმაშვილი იყო წარმოჩენილი.

წინამდებარე ანგარიში მომზადებული და გამოცემულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.  ის ასახავს ასახავს 19 ივნისი-8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.


სხვა სიახლეები

მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

სრულად

ანგარიშის თანახმად, მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების დაბალანსებულ და პლურალისტურ გაშუქებას

სრულად

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

სრულად