მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

06-10-2016

6 ოქტომბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მოიცავს ორმოცზე მეტ მედია საშუალებას -  ტელეკომპანიას, რადიოს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. არჩევნები ყოველთვის გამოცდაა. საქართველოს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა მოახდინოს წინა წლების დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგი კარგი ინსტრუმენტია ამ პროცესში მედიის წვლილის გაზომვისა და წარმოჩინებისათვის. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი შედეგების მიხედვით, მედია უფრო დაბალანსებული და ინფორმატიულია, ვიდრე 2012 წელს“, -  თქვა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

საარჩევნო მედიამონიტორინგის უკვე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს პერიოდს 20 მაისიდან 25 სექტემბრამდე. პრეს კონფერენციაზე მედიამონიტორთა ჯგუფმა ასევე წარადგინა წინასაარჩვენო კვირების (25 სექტემბერი - 5 ოქტომბერი) რამდენიმე წინასწარი შედეგი და ისაუბრა მედიის ცალკეული სეგმენტების პოლარიზების ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა წინასაარჩევნო პოლიტიკური ტემპერატურის მატების ფონზე.

„მედიამონიტორინგის ანგარიშებში შესული კონკრეტული მაგალითები და ანალიზი დაეხმარება საქართველოს მედიას შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა არჩევნების პერიოდში და მეტი ყურადღება მიაქციოს დაუბალანსებელი გაშუქებისა და სიძულვილის ენის შემთხვევებს“, -  განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (ტელევიზიების მონიტორინგი), ინტერნიუს - საქართველო (რადიოს მონიტორინგი) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი).

სხვა სიახლეები

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები

სრულად

ანგარიშის თანახმად, მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების დაბალანსებულ და პლურალისტურ გაშუქებას

სრულად

მედია სივრცეში ანალიტიკის ნაკლებობაა - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

სრულად