ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებენ

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებენ

29-10-2020

როგორ აშუქებს საქართველოს მედია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს

საქართველოს მედია წელს უფრო მრავალფეროვნად აშუქებს არჩევნებს, თუმცა მედია-გაშუქებაში კვლავ შეიმჩნევა საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა, გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. ასეთია საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი 11 კვირის შედეგები, რომლებიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნეს.

მედიამონიტორინგი ხორცილდება სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ინტერნიუს საქართველოსთან და CRRC-საქართველოსთან, და მოიცავს 43 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.

ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, წლევანდელი კვლევა ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

წლევანდელი მედიამონიტორინგის კიდევ ერთი დამატებითი თემაა საქართველოს არჩევნებზე უცხოური გავლენის გაშუქება ქართულ მედიაში.

დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში შესულია მედიამონიტორინგის შედეგები წინასაარჩევნო პერიოდის პირველი 11 კვირის მიხედვით, 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე.

შუალედური ანგარიშების თანახმად, წინა წლებში ჩატარებულ არჩვენებთან შედარებით, მედია მეტ საარჩევნო მოთამაშესა და პოლიტიკურ პარტიას აშუქებს. თუმცა, მედიის ყურადღება ძირითადად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგს ეთმობა, ხოლო საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა საარჩევნო თემები ხშირად ამ ყურადღების მიღმა  რჩება.  

„არჩევნების პროფესიული და მრავალფეროვანი გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმას ახორციელებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „საარჩევნო მედიამონიტორინგის ხელშეწყობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მხარს  უჭერს დემოკრატიის განმტკიცებას საქართველოში“, - თქვა მან.

„გაეროს განვითარების პროგრამა უკვე 10 წელია აკვირდება საქართველოს მედია-გარემოს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „მისასალმებელია, რომ ამ წლების მანძილზე ქართული მედია უფრო მრავალფეროვანი გახდა და მისი პროფესიონალიზმი გაიზარდა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ვიხილავთ, როგორც საარჩევნო პროგრამების, ისე ამომრჩევლისთვის  მნიშვნელოვანი სხვა თემების მეტ ანალიზს“, -  დასძინა მან.

მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშების მიხედვით, შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, დისკრიმინაციული გამონათქვამები და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება არასანდო წყაროებზე დაყრდნობით ძირითადად ბეჭდურ მედიაში შეიმჩნევა. ეს ტენდეცია გაცილებით ნაკლებია ონლაინ გამოცემებში. გენდერული სტერეოტიპების გამოყენება მეტნაკლებად შეიმჩნევა ყველა მედია-სეგმენტში, რადიოს გარდა.

ისევე როგორც წინა წლებში, ონლაინ მედია ხშირად მკაფიოდ არ მიჯნავს სარეკლამო და სარედაქციო კონტენტს და სიღრმისეულ ანალიზს არ აწვდის მკითხველებს.

სატელევიზიო არხები განსაკუთრებით ეფექტიანად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ამით საგრძნობლად აფართოებენ თავის აუდიტორიას. ტელევიზიების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის გაზიარება გაცილებით უფრო ხშირია სხვა მედია-საშუალებებთან შედარებით.

ყველა ტელევიზია აშუქებს უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე და ამ პროცესების შეფასებისასა ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს სთავაზობს მაყურებელს. ამ მხრივ, ყველაზე მეტი საეთერო დრო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას ეთმობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება. საბოლოო ანგარიშები გამოქვეყნდება 2020 წლის ბოლოს, ხოლო შუალედური ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე http://www.mediamonitor.ge/

სხვა სიახლეები

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

სრულად

მედია სივრცეში ანალიტიკის ნაკლებობაა - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

სრულად

მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

სრულად