ანგარიშის თანახმად, მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების დაბალანსებულ და პლურალისტურ გაშუქებას

ანგარიშის თანახმად, მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების დაბალანსებულ და პლურალისტურ გაშუქებას

16-12-2016

გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის თანახმად, არჩევნების გაშუქებისას შეიმჩნეოდა პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტში და სიძულვილის ენის შემთხვევები.

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის განხილვა დღეს გაიმართა და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილს სკოტი ესწრებოდნენ.

„მედიამონიტორინგმა აჩვენა გაცილებით უფრო პოზიტიური და დაბალანსებული ტენდენციები, ვიდრე იყო 2012 წლის არჩევნების გაშუქებისას. 47 მედიასაშუალების მონიტორინგის შედეგად ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან კარგი ანგარიში, რომელსაც დღეს წარვადგენთ და ადგილი ჰქონდა არჩევნების უფრო დაბალანსებულ და პლურალისტურ გაშუქებას. მიუხედავად ამისა, არის გარკვეული გამოწვევები, რომელიც დგას როგორც მედიის, ასევე მთლიანად საქართველოს საზოგადოების წინაშე და ვისურვებდი, რომ მომავალში უფრო დამოუკიდებელი იყოს მედია და უფრო ნაკლებად იგრძნობოდეს პოლიტიკური გავლენები სხვადასხვა მედიაზე“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ასევე მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქება მედიაში იყო უფრო დაბალანსებული, ვიდრე 2012 წელს, თუმცა პროგრესთან ერთად აღინიშნა გამოწვევები, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზება და სიძულვილის ენის გამოყენება.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ მედიის თავისუფლება და პლურალიზმი არის ფუნდამენტური საკითხი, რომლის გარეშეც დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. მედიამონიტორები „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ „ინტერნიუს საქართველო“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ იყო, რომელთაც სულ 11 ტელევიზიის, 12 რადიოს, 7 ბეჭდური მედიისა და 17 ონლაინ-მედიის მონიტორინგი განახორციელეს.

სხვა სიახლეები

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

სრულად

ნილს სკოტი - ბოლო წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ შეინიშნება სიძულვილის ენის არსებობა

სრულად

მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

სრულად