ბეჭდური მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია

პრესის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი ფართობი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული სტატიების მომზადება, ჟურნალისტის/სტატიის ენა.

რაოდენობრივი მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე, რომლებიც ანგარიშს თან ერთვის. დიაგრამებზე სუბიექტებისთვის დათმობილი დრო მოცემულია პროცენტებში. 100 პროცენტად აღებულია მონიტორინგის კონკრეტულ პერიოდში თითოეულ არხზე ყველა სუბიექტისთვის დათმობილი დრო, რაც თითოეული დიაგრამის სათაურშია მითითებული. დიაგრამაზე გამოტანილია კონკრეტულ მედია საშუალებაში ყველაზე ხშირად გაშუქებული პირველი ათი სუბიექტი. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მონიტორინგის სუბიექტს წარმოადგენს, არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ამ გამოცემაში ამ პარტიას ფართობი საერთოდ არ დაეთმო.

გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე წერენ ირიბ თქმაში და ასევე მაშინ, როდესაც მისი ციტატაა მოყვანილი, სადაც იგი თვითონ საუბრობს თავის თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი ფართობი, იქვე ხდება ამ ფართობის ტონის შეფასება. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სტატიის მთლიან კონტექსტს.

სუბიექტებისთვის დათმობილი ფართობის შეფასება ტონების მიხედვით მოცემულია ორგვარად: მოცემულ გამოცემაში სუბიექტებისთვის დათმობილი მთლიანი ფართობის შეფასება ტონის მიხედვით და ცალკე ჟურნალისტის მიერ სუბიექტების გაშუქების/ხსენების ტონი. გაშუქების ტონი მოცემულია პროცენტებში. პირველ შემთხვევაში 100 პროცენტად აღებულია კონკრეტულ არხზე სუბიექტზე საუბრის დრო მთლიანად, ხოლო მეორე შემთხვევაში ცალკე ჟურნალისტების მიერ ამ სუბიექტზე საუბრის/წერის ფართობი.

თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს ანუ რამდენად არის სტატიაში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სტატიაში გამოყენებული მასალები. არის თუ არა შეცდომები სახელწოდებებში, რიცხვებში, რესპონდენტების ვინაობაში.

ფასდება ასევე, რამდენად არის სტატია ფაქტებზე დაყრდნობით აგებული, რაც პირველ რიგში, გულისხმობს, გადამოწმებულია თუ არა ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ეძლევა თუ არა მკითხველს საშუალება, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ იცოდეს მომხდარი ფაქტის შესახებ უტყუარი ინფორმაცია.

მონიტორინგის დროს დაკვირვება ხდება თანდართულ ილუსტრაციაზეც, თუ მასზე გამოსახულია მონიტორინგის რომელიმე სუბიექტი. გარდა ფართობის განსაზღვრისა, ფასდება ილუსტრაციის ტონიც იმის მიხედვით, რა განწყობას უქმნის ფოტო მკითხველს.

თვისებრივი ანალიზის კიდევ ერთი კომპონენტია სტატიის ენა, რაც ერთგვარად არის რაოდენობრივი ანალიზისას წარმოდგენილი ჟურნალისტის ტონის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ თვისებრივი ანალიზისას უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჟურნალისტის ლექსიკას და ფრაზეოლოგიას არა მხოლოდ მონიტორინგის სუბიექტების მიმართ, არამედ მთელ სტატიაში. რიგ შემთხვევებში, ჟურნალისტი არ წერს მონიტორინგის სუბიექტზე, თუმცა ტექსტი მაინც საყურადღებო და მნიშვნელოვანია თვისებრივი ანალიზისთვის.